Saturday, March 18, 2017

პროექტი: ,, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი"

წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანები და ჩამოუყალიბდეთ მათ მიმართ პატივისცემა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გამოიკვლევენ და  შეისწავლიან ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა  და მოღვაწეობას, მის დამსახურებას ერისა და ქვეყნის წინაშე.
        განუმტკიცდებათ ჯგუფში მუშაობის, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების, შემოქმედებითი, ისტის დახმარებით პრეზენტაციის შექმნის უნარ-ჩვევები.
პროექტის მიზნები: გააანალიზონ სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტი და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება პრობლემურ საკითხებზე, წარმოადგინონ საკუთარი აზრი აუდიტორიის წინაშე, აირჩიონ და გამოიყენონ ზეპირი გამოსვლის სტრატეგიები. შეძლონ მასალების მოძიება, დახარისხება-დამუშავება ისტის გამოყენებით. სტატიების მომზადება, ესეების დაწერა.
          გამოუმუშავდეთ კვლევის საბაზისო უნარ ჩვევები; მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ ცხოვრებაში.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 4 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეძლონ მხატვრული და არამხატვრული ტექსტის გაანალიზება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა პრობლემურ საკითხებზე, საკუთარი აზრის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე, მასალების მოძიება, დახარისხება-დამუშავება ისტის გამოყენებით, სტატიების მომზადება, ესეების შექმნა, კედლის გაზეთის გამოშვება, powerpoint-ში პრეზენტაციის მომზადება, კონკურსის მოწყობა.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ფოტოაპარატი, powerpointi, სახელმძღვანელო,დამატებითი ლიტერატურა:ლევან სანიკიძე „წიგნი მოწამეთა“, ალექსანდრე ბარამიძე „ახლო წარსულიდან“, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები(საყმაწვილო საკითხავი), ფორმატი, მარკერები.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
 აქტივობა 1. მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის იდეას, განვუმარტავ, რომ დაგეგმვის პროცესში მათი ინტერესიც იქნება გათვალისწინებული.
 აქტივობა 2. მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ თემასთან დაკავშირებულ საინტერესო და აქტუალურ კითხვებს. 
აქტივობა 3. კლასს დავყოფ ჯგუფებად და გადავუნაწილებ ფუნქციებს, გავაცნობ კონკრეტულ დავალებებს.  I ჯგუფი - ისტორიკოსები - მოიძიებენ მასალებს და იმსჯელებენ მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში მიმდინარე პოლოტიკურ პროცესებზე, (დამოუკიდებლობის აღდგენაზე, ანექსიის მიზეზებსა და შედეგებზე, ემიგრაციასა და ემიგრანტ ქართველებზე). II ჯგუფი - ფილოლოგები - იმუშავებენ რეზო თაბუკაშვილის ტექსტზე „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, გაეცნობიან და შეაფასებენ ექვთიმე თაყაიშვილის მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ორგანიზებას გაუკეთებენ კონფერენციის ჩატარებას, დაწერენ ესეებს: „გზა წმინდანობისაკენ“, „ჩემი თვალით დანახული ექვთიმე თაყაიშვილი“, ორგანიზებას გაუკეთებენ კონკურსს თემაზე: „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“.  III  ჯგუფი - ღვთისმეტყველები - შეაფასებენ ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლს ერისა და ქვეყნის წინაშე, მის დამსახურებას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში; ისაუბრებენ მისი წმინდანად შერაცხვის მიზეზებზე. გაიხსენებენ და შეადარებენ სხვა ქართველ ეროვნულ მოღვაწეებს, რომელნიც თავიანთი დამსახურების გამო შერაცხეს წმინდანებად. 
აქტივობა 4. ექსკურსია ეროვნულ მუზეუმში და ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შემონახული განძის დათვალიერება, მისი სახლ-მუზეუმის მონახულება თბილისში, სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა, ექვთიმე თაყაიშვილის საფლავის მონახულება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში და პატივის მიგება მისი ხსოვნისათვის.
აქტივობა 5 ფილოლოგების ჯგუფის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ჩატარება. აქტივობა 6 კონკურსის გამართვა თემაზე „ რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“, გამარჯვებულების დაჯილდოება სიგელებით.
აქტივობა 7 კედლის გაზეთის გამოშვება.
აქტივობა 8 პროექტის პრეზენტაციის მიზნით მოვაწყობთ შეკრებას, რომელზეც მოვიწვევთ მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციას, სხვა დაინტერესებულ პირებს.  მოსწავლეები ფართო საზოგადოებას გააცნობენ სახელოვანი წინაპრის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მის როლს საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, წარმოადგენენ სლაიდ შოუს, წაიკითხავენ ესეებს. ისაუბრებენ პროექტზე მუშაობის პროცესში მიღებულ გამოცდილებაზე.
აქტივობა 9 პროექტის შეფასება-პროექტი შეფასდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკიებით, მოსწავლეები გააკეთებენ თვითშეფასებას, ურთიერთშეფასებას.
პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად შევხვდები ჯგუფის წევრებს, განვიხილავთ სამუშაო გეგმას, შესრულებულ დავალებებს, რათა მუშაობა სწორი ფორმით წარმართონ. ვთხოვ შეხვდნენ ერთმანეთსაც უკუკავშირის მისაღებად.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული, ისტორია, ისტი
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
·         იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე  დამყარებული არგუმენტები);
·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;

ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამხვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
·         აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
·         აკვირდება, ამოიცნობს და შეაფასებს ავტორის ან პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის, აღწერილი მოვლენების მიმართ;
·         უკავშირებს წაკითხულ ტექსტში გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მხატვრულ და სამეცნიერო-დოკუმენტურ ფილმებს, სპექტაკლებს და სხვ.

ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ვრცელი ტექსტის კითხვისას ხელახლა გადაავლებს თვალს ამა თუ იმ ადგილს, აკეთებს ჩანაწერებს, გამოყოფს მნიშვნელოვან თვალსაზრისებს, ჩამოწერს კითხვებს ტექსტის უკეთ გასაგებად;
·         აზუსტებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას; ამოწერს საკითხებს შემდგომი განმარტებისა და დამუშავებისათვის;

ქართ. IX. 12. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსხვავებული თვალსაზრისების წერილობით გადმოსაცემად შეარჩევს სპეციფიკურ ლექსიკას, ტერმინებს, ფრაზებს;
·         საგანგებოდ გამოყოფს კონკრეტულ თვალსაზრისს შესაბამისი ენობრივი  ფორმულებით (მაგ., „როგორც ავტორი ამბობს...“, „ეს თვალსაზრისი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც...“) და ამხსნელი სიტყვებით (სინონიმები, განმარტებები ლექსიკონიდან და ა. შ.);
·         მკაფიოდ აყალიბებს აზრს, იყენებს დაკავშირებისა და თანმიმდევრულობის შესაბამის ხერხებს;  
·         ადეკვატურად ასახავს ნაწერში ზეპირი მეტყველებისთვის დამახასიათებელ არავერბალურ ელემენტებს (მიმიკას, სხეულის ენას, ინტონაციას და სხვ.) შესაბამისი საშუალებებით (მრავალწერტილით, კითხვა-ძახილის ნიშნით, შორისდებულებით...).

პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ყალიონაშვილი

ხელმძღვანელის ელფოსტა: yalionaSvili1995@gmail.com

პროექტის ბლოგი: http://lelayalionashvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment